ყველა ვართ მოწმე, ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო და ვინ ცდილობდა ამ გზაზე საქართველოს შეჩერებას - პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? - ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის მოწმე ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო ევროპის გზაზე და ვინ ცდილობდა საქართველოს შეჩერებას ამ გზაზე. ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ უცნაური ფოკუსია, არის თავისუფალი დაფა, რომელზეც არაფერი აღარ წერია. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დავწერეთ ამ დაფაზე და დღეს ერთბაშად იშლება. აღარ გვახსოვს არც რუსული კანონი, არც ახალგაზრდების გამოსვლა. თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა. პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? - ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. თუ კარგად წავიკითხეთ, რა წერია რეკომენდაციებში, უნდა იყოს გამაგრებული ინსტიტუტი“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

15 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავისუფლების მოედანზე, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობდა, სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა.