სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აშკარა მხარე როდესაცაა, გვაქვს საფუძველი, ვუთხრათ, თქვენ არ ხართ ობიექტური, იტყუებით და მოსახლეობას ამ ტყუილში არ ვაცხოვრებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ“.

მისი თქმით, წაგებული ძალები თუ ცალმხრივად ილაპარაკებენ, მათ ობიექტურობაში ვერავინ დარწმუნდება.

„პაველს ჰერჩინსკის პერსონალურად არაფერს ვერჩით, თუმცა მას მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევს, ასეთი განცხადებები გააკეთოს. „არავინ დარჩება დაუსჯელი“ ცოტა რთული სათქმელია, რადგან ძალადობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი და მხოლოდ რამდენიმე ათეულია დაკავებული. ეს ამბავი ასე შევატრიალოთ, ვიდრე სხვაზე ისაუბრებს, მაშინ თქვას ძალადობრივი აქციის მონაწილეები უნდა დაისაჯონ თუ არა და შემდეგ ოდნავ მაინც გვექნება საფუძველი, მის ობიექტურობაზე ვიმსჯელოთ. დღეს პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ ამ ადამიანმა სხვებთან ერთად, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ, „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებდნენ, საქართველოში არჩევნები წააგეს. წაგებულმა ძალებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, მათ ობიექტურობაში ვერავინ დარწმუნდება, თუ ცალმხრივად ილაპარაკებენ. წაგებული, რადგან ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც მოუწოდებდნენ აგენტურული „ნაცოპოზიციის“ მხარდაჭერისკენ საზოგადოებას პირდაპირ და ხან ირიბად. ამიტომ, არჩევნები წააგეს და არიან ისინი მხარეები. როდესაც ასეთი აშკარა მხარეა, რომელიც საქართველოსთვის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ვუთხრათ, თქვენ არ ხართ ობიექტური, იტყუებით და ჩვენ ამ ტყუილში მოსახლეობას არ ვაცხოვრებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.